საუბარი იმაზე, რომ პროკურატურამ

საუბარი იმაზე, რომ პროკურატურამ "მასტერა" ფარული ჩანაწერების საქმეზე ჩამოიყვანა, არასერიოზულია

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პროკურატურა ჰოლანდიიდან ექსტრადირებულ გიორგი დგებუაძეს ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით საქმეზე დაკითხავს.

როგორც გოგაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე დგებუაძესთან მიმართებაში გამოძიება ამ საქმეზე არ მუშაობს.

გიორგი გოგაძის თქმით, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოში მკვლელობის ჩადენის გამოა ექსტრადირებული.

"ძალიან ძნელია, ვინმე გამორიცხო ან ჩართო იმ სიაში, ვისაც შეიძლება ამ საქმესთან კავშირი ჰქონდეს. თუმცა, პროკურატურა ყველა შესაძლო მიმართულებით მუშაობს და ამიტომ წინასწარ რაიმეს გამორიცხვა ან დაკონკრეტება არასწორი იქნება", - განაცხადა გიორგი გოგაძემ.

კითხვაზე, დაიკითხება თუ არა გიორგი დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა" ფარული ჩანაწერების საქმეზე, მთავარი პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამას კონკრეტული გამომძიებელი გადაწყვეტს.

"იმაზე საუბარი არასერიოზულია, რომ პროკურატურამ "მასტერა" ჩამოიყვანა ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით, ჰოლანდიაში ვინახავდით "მასტერას" და როცა დაგვჭირდა, მაშინ დავსვით თვითმფრინავზე, ეს ხომ არასერიოზულია", - განაცხადა გიორგი გოგაძემ.