ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს იბარებს. ამის თაობაზე "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა.
ამასთან, ჩიქოვანის თქმით, პრემიერ-მინისტრი დღემდე არ გამოხმაურებია შეხვედრის თაობაზე "თავისუფალი დემოკრატების" იმ შეთავაზებას, რომლითაც მათ გიორგი კვირიკაშვილს ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებისას მიმართეს.
"ჩვენ პრემიერ-მინისტრს შეხვედრის თხოვნით მივმართეთ მაშინ, როცა ქვეყანაში მნიშვნელოვანი კრიზისი დადგა და ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდა, რაც ჩვენი აზრით, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტულ პირებსა და პოლიტიკურ პარტიებს, არამედ სახელმწიფოს. ჩვენ პრემიერს შევთავაზეთ, ამაზე ერთობლივად გვესაუბრა, მაგრამ ის ამ შეხვედრის მოთხოვნას არ გამოეხმაურა. ამასთან, აპრილის დასაწყისში ის 100 დღე გადის, რაც თავის დროზე ჩვენ პრემიერ-მინისტრს მივეცით და ვუთხარით, რომ ამ ხნის განმავლობაში მის საქმიანობას დავაკვირდებოდით. გვაქვს სურვილი, შევაჯამოთ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის 100 დღე და ვნახოთ, რეალურად რა ხდება, რა გაკეთდა ქვეყანაში, რაზე აიღო მან პასუხისმგებლობა და რა შედეგები დადო. ჩვენ უახლოეს დღეებში მას ოფიციალურად მივმართავთ, რომ საკუთარ მთავრობასთან ერთად "თავისუფალი დემოკრატების" ფრაქციასთან შეხვედრაზე მოვიდეს", - განუცხადა "ინტრეპრესნიუსს" ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, თუკი გიორგი კვირიკაშვილი მათ მიმართვას არ გაითვალისწინებს და პარლამენტში არ მივა, "ეს იქნება იმ ტრადიციის გაგრძელება, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვა, როცა საქართველოს პარლამენტის მიმართ არაკომუნიკაბელურობის და არათანამშრომლობის განწყობა ჰქონდა".