საფუძველი რომ ყოფილიყო, ელისაშვილის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყებოდა, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის მიერ ე.წ. შეწყალების საქმის გამოძიების პროცესის დასრულების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც შოთაძემ აღნიშნა, პროკურატურა თავიდანვე მოკლებული იყო შესაძლებლობას, რომ საქმეზე რაიმე რეალური შედეგი დაედო, ვინაიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ალეკო ელისაშვილმა არ დაასახელა ის პირი, რომელსაც შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა.
"ვფიქრობ, ჩვენს პრესრელიზში საკმაოდ დეტალურად აღვწერეთ ის შედეგები, რაც გამოძიებას ჰქონდა, კონკრეტულად საუბარი იყო იმ არაერთ საგამოძიებო მოქმედებაზე, რომელიც ჩვენს მიერ ჩატარდა. თავის დროზე მოვუწოდე განმცხადებელ ელისაშვილს, რომ ეთანამშრომლა გამოძიებასთან და დაესახელებინა ის პირი, რომელსაც მისი განცხადებით, ჰქონდა ინფორმაცია შესაძლო კორუფციული დანაშაულის ჩადენის შესახებ. თუმცა მან ეს არ გააკეთა. შესაბამისად, ჩვენ თავშივე ვიყავით მოკლებული შესაძლებლობას, რომ ამ საქმეზე რაიმე რეალური შედეგი გვქონოდა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა თავად შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება ცრუ დასმენის ბრალდებით, შოთაძემ აღნიშნა, რომ ამის საფუძველი რომ ყოფილიყო, მის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაწყებული იქნებოდა.
"საფუძველი რომ ყოფილიყო ელისაშვილის წინააღმდეგ, გამოძიება უკვე დაიწყებოდა, ჩვენ ამას არ განვიხილავთ და საქმე დახურულია", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.