საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, გიორგი დგებუაძის პასუხისგებაში მიცემის საკითხი მხოლოდ ე.წ. ნავთლუღის საქმეზე მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
როგორც შოთაძემ აღნიშნა, ექსტრადირების პროცესი საკმაოდ რთულ პროცედურებს მოიცავდა და შესაბამისად, საქართველოს პროკურატურამ უდიდესი სამუშაო გასწია იმ მიმართულებით რომ, მომხდარიყო კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის საქართველოში ჩამოყვანა.
"გიორგი დგებუაძის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა დასაშვებად იქნა ცნობილი ჰოლანდიის სასამართლოს მიერ და შესაბამისად მოხდა მისი საქართველოში ჩამოყვანა. გიორგი დგებუაძე ჩვენივე მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ამ ეტაპზე მისი ექსტრადირება მოხდა ნავთლუღის სპეცოპერაციის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. შესაბამისად, საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, მისი საქმის განხილვა მხოლოდ ამ ბრალდებულების ფარგლებში მოხდება", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
კითხვაზე, თანამშრომლობს თუ არა კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გამოძიებასთან და აპირებს თუ არა ჩვენების მიცემას, მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
რაც შეეხება ექსტრადაციის პროცესის გაჭიანურებას, ირაკლი შოთაძემ ეს უშუალოდ ყველა ქვეყანაში არსებული ექსტრადაციის პროცესის თავისებურებით ახსნა.
"ყველა ქვეყენას ექსტრადირების საკუთარი პროცედურები აქვს, ამ შემთხვევაში ექსტრადირების პროცესში ჩართული იყო სასამართლო. კონკრეტულად სასამართლოს ყველა ინსტანციაში მოხდა განხილვა, რამდენად დაცული იქნება მისი ექსტრადირების შემთხვევაში ადამიანის უფლებები. შესაბამისად, ამ პროცედურების მიმდინარეობის გამო, რაც დროში საკმაოდ გაწელილია, არ ხდებოდა მისი ექსტრადირება", - განაცხადა შოთაძემ.