ადვოკატები გიორგი დგებუაძესთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯერ არ შესულან

ადვოკატები გიორგი დგებუაძესთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯერ არ შესულან

ადვოკატებს კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე მეტსახელად "მასტერა" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯერ არ მოუნახულებიათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა ირაკლი გრძელიშვილმა განუცხადა, ადვოკატები შეთანხმდებიან, თუ როდის შევლენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და შემდეგ მოხდება გიორგი დგებუაძესთან შეხვედრა.

როგორც გრძელიშვილმა აღნიშნა, ექსტრადაციის პროცესი მათ არ ეხებოდათ და აქედან გამომდინარე, გიორგი დგებუაძის საქართველოში ჩამოყვანას ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არ ესწრებოდნენ.

"როცა დაიწყება იმ საქმის განხილვა, რაზეც ბრალი აქვს წარდგენილი გიორგი დგებუაძეს და რაზეც ჩვენ ვიცავთ მას, ამის მერე ჩავერთვებით ჩვენ პროცესებში", - განაცხადა ირაკლი გრძელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი 3 ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა ედება.

გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" საქართველოში წუხელ ჩამოიყვანეს. ჰოლანდიიდან მისი ექსტრადირება მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.