პროკურატურა გიორგი დგებუაძის, იგივე

პროკურატურა გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა ინტერპოლის მიერ ძებნილი, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცახდებაშია აღნიშნული, განზრახ მკვლელობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ბრალდებული გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა", ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით ჩამოიყვანეს.

"გიორგი დგებუაძის მიმართ, რომელიც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებს და დატოვებული ჰქონდა ქვეყნის ფარგლები, ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა. ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ, მისი დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით, მიმართა ნიდერლანდების კომპეტენტურ ორგანოებს და ძებნილი ბრალდებულის საქართველოში ექსტრადირების საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნით აქტიურად თანამშრომლობდა მათთან.

პროკურატურის მოთხოვნის შედეგად, ნიდერლანდების სასამართლომ დასაშვებად ცნო გიორგი დგებუაძის საქართველოში ექსტრადიცია. აღნიშნულის საფუძველზე ბრალდებული ექსტრადირებულ იქნა საქართველოში და ამჯერად საქმის სასამართლოში განხილვა გაგრძელდება მისი მონაწილეობით. 
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2005 წლიდან გიორგი დგებუაძე იკავებდა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობას, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას ბრძანებით დაინიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსად.

გიორგი დგებუაძეს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსთან დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, "ნავთლუღის" ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის, შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის "ა" და "თ" პუნქტებითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რასთან დაკავშირებითაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა, ხოლო ამ დანაშაულში ჩართული სხვა თანამონაწილეების მიმართ უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი", -ნათქვამია განცხადებაში.