გიორგი კვირიკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ბელორუსს ეწვევა

გიორგი კვირიკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ბელორუსს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ბელორუსის რესპუბლიკას ეწვევა. 
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველ შეხვედრას საქართველოს მთავრობის მეთაური ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართავს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის სახლში გაიმართება, სადაც გიორგი კვირიკაშვილს ბელორუსი კოლეგა ანდრეი კობიაკოვი უმასპინძლებს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული მოლაპარაკებები და საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელმოწერა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე გამართავს შეხვედრებს ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე მიხეილ მიასნიკოვიჩსა და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ბელორუსის ბიზნესფორუმში, დაათვალიერებს მაღალი ტექნოლოგიების პარკს, ასევე, გვირგვინით შეამკობს სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ მონუმენტს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებიან. 
ოფიციალური ვიზიტი 23 მარტს დასრულდება.