ჰოლანდიიდან საქართველოში ექსტრადირებული, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროკურატურის წარმომადგენელმა განუცხადა.
მისი განმარტებით, დგებუაძე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
"გიორგი დგებუაძე ბრალდებულია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის სისხლის სამართლის საქმეზე. მას ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს ქალაქ თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი დგებუაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული აქვს პატიმრობა, მისი მოთავსება მოხდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში", - განაცხადა პროკურორმა.
ჰოლანდიიდან გიორგი დგებუაძე საქართველოში გამთენიისას ჩამოიყვანეს.
მისი ექსტრადიცია მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.
გიორგი დგებუაძე ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფება. ის 2014 წლის ივნისში ჰოლანდიაში დააკავეს.