საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოში პირველად მენტორთა ქსელი ყალიბდება , რომლის პრეზენტაციაც დღეს ტექნოპარკში გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მენტორთა ქსელის არსებობა მნიშვნელოვანია საქართველოს ბაზარზე არსებული დამწყები ბიზნესებისთვის, რადგან ის აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებულ ადამიანებს და ქმნის საზოგადოებას, რომლის წევრებიც მოიცავენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს. მათივე ინფორმაციით ქსელის შექმნა ემსახურება მენტორშიპის კონცეფციის განვითარებას საქართველოში, რაც ხელს უწყობს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბებას ქვეყანაში. არსებული მაგალითებითა და პროფესიონალებისგან გამოცდილების გაზიარების საშუალებით დამწყები ბიზნესმენები მენტორთა დახმარებით შეძლებენ საკუთარი ბიზნესის უკეთ განვითარებასა და გამოუცდელობით გამოწვეული რისკების მაქსიმალურ შემცირებას.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უახლოეს მომავალში შექმნის მენტორთა ქსელს, რომელთან წვდომაც ექნება ნებისმიერ მსურველს. პოტენციური მენტორები უკვე მზად არიან დამწყებ კომპანიებს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და დაეხმარონ სწორ განვითარებაში. ისინი დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შეუერთდნენ სტარტაპების დამფუძნებლებისათვის გამოცდილების გაზიარების ინიციატივას. პლატფორმა გააერთიანებს ყველა მსურველ მენტორს და მათ შესახებ მოკლე ინფორმაცია, საქმიანობა თუ კომპეტენცია, განთავსდება საიტზე. სარეგისტრაციო ფორმა იქნება ის საშუალება, რომლითაც სტარტაპ ბიზნესმენი და მენტორი გაეცნობიან ერთმანეთის საქმიანობას, რაც მომავალში მათი მჭიდრო თანამშრომლობის პოტენციალს ბადებს.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ დღევანდელ პრეზენტაციაზე რამდენიმე დამწყებმა ბიზნესმენმა უკვე გააკეთა თავისი საქმიანობის მოკლე პრეზენტაცია მენტორების წინაშე. სულ მალე ეს შესაძლებელი იქნება საიტზე, სადაც ნებისმიერ სტარტაპ კომპანიას შეეძლება იპოვოს საკუთარი მენტორი და გაიზიაროს მათი გამოცდილება.