ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა.
აკადემიური საბჭოს წევრებს თსუ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ, რომელზეც თსუ რექტორის წინააღმდეგ მათი ბრალდებების თაობაზე დოკუმენტური მასალები წარადგინეს. ამასთან, თვითმმართველობის წევრებმა თსუ-ს ადმინისტრაციიდან გამოითხოვეს ინფორმაცია სხვადასხვა თანამშრომელთა სახელფასო და ფუნქციური დატვირთვის შესახებ.
აკადემიური საბჭოს წევრებს თსუ-ს პროფესორთა საინიციატივო ჯგუფის წევრებიც შეხვდნენ. თსუ-ს პროფესორის დიანა ძიძიგურის განცხადებით, თსუ-ს პროფესორთა საინიციატივო ჯგუფი და აკადემიური საბჭო თანამშრომლობაზე შეთანხმდა. გამოიკვეთა მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები. მისი თქმით, საჭიროა თსუ-ს წესდებაში ცვლილებების განხორციელება, კანცლერის ხელახალი კონკურსის გამოცხადება, შიდა აუდიტის ჩატარება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურასთან დაკავშირებით.
აკადემიური საბჭოს წევრმა, თსუ პროფესორმა ქეთევან მარშავამ აღნიშნა, რომ რექტორის უფლებამოსილების ვადამდელი შეწყვეტის პროცედურა უკვე დაიწყო. მისი თქმით, რექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრის საკითხი მხოლოდ სრულყოფილი დასკვნის შემდეგ გადაწყდება.
თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ განმარტა, რომ რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის პროცედურა დაწყებულია, რაც რექტორის საქმიანობის შესწავლას გულისხმობს. მისივე თქმით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს აკადემიური საბჭო - ეს საკითხის შესწავლის შემდეგ გაკეთებულ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული.