დღეს, ამერიკელ ებრაელთა საჯარო საქმეების კომიტეტის კონფერენციაზე გამოსვლისას, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა ''დემოკრატიული პარტიიდან'' ჰილარი კლინტონმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური განცხადება გააკეთა.
როგორც euronews.ge წერს, კლინტონი მიიჩნევს, რომ ტრამპი არ შეეფერება პრეზიდენტის პოსტს, რადგან ის თვლის, რომ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი ისრაელ-პალესტინის საკითხზე.
"ეს მიუღებელია, ისრაელის უსაფრთხოება არ შეიძლება გახდეს მოლაპარაკების საგანი. ამის შესახებ ტრამპმა არაფერი იცის, ის შეუფერებელია პრეზიდენტობისათვის", - აღნიშნა კლინტონმა.
მისი განცხადებით, "იმისათვის, რომ ისრაელი იყოს დაცული, ამერიკამ უნდა შეინარჩუნოს მსოფლიო ლიდერობა, ეს კი ვერ მიიღწევა იმ პრეზიდენტის პირობებში, რომელიც ორშაბათს ნეიტრალურია, სამშაბათს ისრაელს უჭერს მხარს და ოთხშაბათს კიდევ არავინ იცის - ვის".
კლინტონის თქმით, მისი სახელმწიფო მდივნობის დროს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა აიძულა ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო. "ეს იყო მშვიდობისკენ მიმართული შეთანხმება, თუმცა თუ ამირჩევენ პრეზიდენტად, მე სანქციებს უკან დავაბრუნებ თუ საჭირო გახდება", - დასძინა კლინტონმა.