თუკი პავლე კუბლაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს რაიმე უნდა, მათ მედიის შუამავლობა არ სჭირდებათ, - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსის" კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს "გირჩის" შეთავაზებას, ფარული ჩანაწერების თაობაზე პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
მიხეილ მაჭავარიანი ყოფილ თანაგუნდელებს რჩევით მიმართავს, თუკი ინიციატივის პირდაპირ პარლამენტში გატანა სურთ, ამ თემაზე მათთან მოლაპარაკებები დაიწყონ.
"როცა კოლეგები ამ წინადადებით მოგვმართავენ, მაშინ გადავწყვეტთ. თუკი მათ უნდათ საქმე გამოუვიდეთ და კომისია შეიქმნას, ამისთვის არსებობს მექანიზმი – იციან მათ "ნაციონალური მოძრაობა", იციან სად არის ჩვენი ოთახები, იცნობენ ჩვენ ლიდერებს, უმცირესობის ლიდერსაც კარგად იცნობენ და ფრაქციის თავმჯდომარეც მგონი ახსოვთ, ვინ არის. თუკი უნდათ საქმე გამოვიდეს, ყველასთან სალაპარაკოდ მზად ვართ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მიხეილ მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი იმასაც ამბობს, რომ ფარული ჩანაწერების გარდა, არის არაერთი სხვა თემა, რაზეც პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას და შესაბამისი ინიციატივებით "ნაციონალური მოძრაობა" უკვე გამოვიდა.
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წარმომადგენელი დეპუტატები პირადი ცხოვრების მიყურადებისა და ფარული ჩაწერა-გადაღების საქმეზე პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. იმის გათვალისწინებით, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" გასულ დეპუტატებს პარლამენტში საკუთარი ფრაქცია არ აქვთ, საკითხის ინიცირებისათვის ხელმოწერების შეგროვების ფორმას მიმართავენ.
დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის პარლამენტის დღის წესრიგში შესატანად კი მათ სულ მცირე პარლამენტის წევრების ერთი მეხუთედის ანუ 30 დეპუტატის მხარდაჭერა და შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერა სჭირდებათ.