საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის შეფასებებს პასუხობს.
„როდესაც საუბარია იმაზე, რომ რა პასუხი უნდა გასცემოდა პრაღაში კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ადგილზე კარასინს უნდა გასცემოდა ის პასუხი, რაც მას პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასცა უკვე შემდგომ საქართველოდან - რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის მტკივნეული და განსაკუთრებული საკითხი ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის. ამიტომ ურთიერთობებს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და კონკრეტიკა“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრაღის შეხვედრამდე მას ჰქონდა შეხვედრა ზურაბ აბაშიძესთან, თუმცა აცხადებს, მათ არ უსაუბრიათ და ვერც ისაუბრებდნენ იმ განცხადებებზე, რომელიც შემდგომში გააკეთა გრიგორი კარასინმა.
„ზურაბ აბაშიძისაგან მოვისმინე ზოგადი ინფორმაცია და ბუნებრივია, რაღაც რეცეპტი ვერ იქნებოდა აქედან მიცემული. მაგრამ როცა საუბარი ეხება ამ ტიპის განცხადებებს, ასეთი ტიპის შეფასებებს, რაც იქ გაკეთდა, უნდა გაცემულიყო ის პასუხი, რაც შემდგომში თბილისიდან გასცა პრემიერმინისტრმა“, - განაცხადა ფხალაძემ.
თენგიზ ფხალაძე პარლამენტარ ლევან ბერძენიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და მას დიდაქტიკური უწოდა.
„მინდა დავეყრდნო საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაეგზავნა დეპუტატებს, რომლის 48-ე მუხლი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას და 69-ე მუხლი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, საქართველო - რუსეთის ურთიერთობების თემით დაინტერესება პირდაპირი მოვალეობაა, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე საქართველოს პარლამენტის“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.