პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ პატრიარქი საკმარისად არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რა ვითარებაა უვადო პატიმრობასთან დაკავშირებით.
ვახტანგ ხმალაძე "პირwელთან" საუბარში, პატრიარქის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ უვადო პატიმრობასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შარშან შევიდა.
მან განმარტა, რომ კანონის მიხედვით, თუ პირს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, 20 წლის პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ, ის შეიძლება გათავისუფლდეს საპატიმროდან, თუ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია დადებითად ახასიათებს მას; არ არღვევს შინაგანაწესს; მოინანია დანაშაული; აღარ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისათვის.
"თუ ამ ყველაფერს აკმაყოფილებს პატიმარი, მაშინ გადაისინჯება მისთვის დანიშნული სასჯელი და იგი შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან. ასევე, 15 წლის პატიმრობის მოხდის შემდეგ, თუ პირი დადებითად ხასიათდება, შესაძლოა, გადაისინჯოს მისი დანიშნული სასჯელის სახე და ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა, სხვაგვარი შეზუდვა დაუწესდეს",- განაცხადა ხმალაძემ და აღნიშნა, რომ ეს შეზღუდვა შეიძლება იყოს ქვეყნიდან გაუსვლელობა, საცხოვრებლიდან სხვა ადგილებში გადაადგილება.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში ცოტაა ისეთი მუხლი, რომელიც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაულის შემთხვევები.
"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უვადო პატიმრობა პირს შეიძლება შეეფარდოს ძალიან მძიმე დანაშაულისათვის, ისიც იმ შემთხვევაში თუ საქმეში არის დამამძიმებელი გარემოებები. უვადო პატიმრობა ვისაც აქვს მისჯილი, თუ ის სათანადოდ იქცევა და გაცნობიერებული აქვს დანაშაულის სიმძიმე, აღარ წარმოადგენს საფრთხეს. იგი შეიძლება გამოვიდეს 15-20 წლის შემდეგ. ასეთ პირობებში, ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ უვადო პატიმრობა გაუქმდეს",- განაცხადა ხმალაძემ.
გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხელისუფლებას მოუწოდა, უვადო პატიმრობის საკითხს გადახედოს.