დიდია სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესკომპანიების დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით, რაც ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებმა განაპირობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კვირიკაშვილმა ევროკომისარს საქართველო-ევროკავშირის დაახლოების საქმეში შეტანილი წვლილისა და საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩვენ მადლიერი ვართ იმ განსაკუთრებული როლისთვის, რომელიც ქალბატონმა მალმსტრომმა, საშინაო საქმეთა ევროკომისრის რანგში შეასრულა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დაწყების საქმეში. დღეს ეს პროცესი წარმატებით დაგვირგვინდა და უახლოეს მომავალში ველით საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. მოხარული ვართ, რომ ევროკომისარი აგრძელებს საქართველოს საკითხზე მუშაობას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს, ასოცირების შეთანხმება, კერძოდ კი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის შესრულების მიმდინარეობა და ამ მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.
"ჩვენ ვისაუბრეთ აგრეთვე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, მთავრობის ინიციატივებზე საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური მოდერნიზაციის მიმართულებით. შეხვედრისას ევროკომისარს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ, რომ მზად ვართ გავაგრძელებთ აქტიური ძალისხმევა დემოკრატიული პრინციპების, სასამართლო დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მაქსიმალურად დაცვის კუთხით, რაც აუცილებელია ჯანსაღი ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებით მაქსიმალური სარგებელი მოვუტანოთ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებული რეფორმების შედეგად ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში აშკარაა დადებითი ტენდენციები - იზრდება ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტი, ქართველი მეწარმეები უფრო მეტად ინტერესდებიან ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობებით; დიდია ასევე სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესკომპანიების დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით, რაც ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციით გახსნილმა შესაძლებლობებმა განაპირობა", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, დღესდღეობით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე ფინანსური თუ ტექნიკური დახმარების პროგრამებით.
"ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა მზად არის უფრო მეტი ძალისხმევა მიმართოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის, რაც სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანას, არამედ ხელს შეუწყობს სტაბილურობის გაზრდას მთლიანად რეგიონში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.