საქართველო-ევროკავშირს შორის დამყარდა ხანგრძლივი, ტრადიციული თანამშრომლობის ურთიერთობები და ვეცდებით ის კიდევ უფრო გავაღრმაოთ, - ამის შესახებ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, სესილია მალმსტრომმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროკომისარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მასთან დისკუსიამ წარმატებულად ჩაიარა.
"შეხვედრაზე განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის საკითხები, რომლებიც ძალიან მალე შევა ძალაში ევროკაშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის. ჩვენს შორის ასევე თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით ტენდენციები იზრდება. ჩვენი მიზანი აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ ის, თუ როგორ შეიძლება დამატებით გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რომლებსაც ეს ხელშეკრულება გვანიჭებს, იგი უნდა იქნას გამოყენებული ქართული კომპანიების მიერ. გვინდა, რომ ქართული მხარის ინფორმირებულობა გავზარდოთ მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით. ასევე გვინდა მივაწოდოთ ინფორმაცია იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ აღნიშნული კომპანიებისთვის. მათ საშუალება ექნებათ მიიღონ პირდაპირი დაფინანსება. მცირე და საშუალო კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანები უნდა გახდნენ, იმუშაონ საინვესტიციო ბანკებთან ევროკაშირში და ა.შ", - განაცხადა ევროკომისარმა და საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
"ვულოცავ პრემიერს იმ რეფორმების წარმატებით განხორციელებას, რომელიც დღის წესრიგით არის გათვალისწინებული. მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები გაუმჯობესებულია. კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს ბიზნესკლიმატი და სტიმული მიეცეს საქართველოში პროდუქტიულობის ამაღლებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ ვხედავთ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტს ევროპაში, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ქართული კივი, კენკროვანები, ვმუშაობთ თაფლის მიმართულებით", - აღნიშნა მალმსტრომმა და დასძინა, რომ მიდის მუშაობა ასევე საკვების უვნებლობის მიმართულებით.