პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ უვადო პატიმრობამისჯილებთან დაკავშირებით, რა საკითხის გადახედვის მოწოდებითაც ხელისუფლებას პატრიარქი მიმართავს, ძალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო.
როგორც კობახიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უვადო პატიმრობის შეფარდება განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება, როცა საქმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ეხება და ამ სასჯელმა, ძალიან არაჰუმანური სასჯელი - სიკვდილით დასჯა ჩაანაცვლა, მას შემდეგ რაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა.
მისივე განმარტებით, უვადოდ თავისუფლების აღკვეთა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე უნდა იყოს ციხეში.
"უვადო თავისუფლებაღკვეთილ პირებს კანონი აძლევთ შესაძლებლობას, რომ სასჯელის გარკვეული პერიოდის მოხდის შემდეგ, მათი გათავისუფლების საკითხი იყოს განხილული. ეს სწორედ ის შესაძლებლობაა, რომელიც კანონმა დაუშვა, რომ ადამიანს მიეცეს შანსი თავისი ცხოვრება შეცვალოს, გარკვეულწილად გამოსწორდეს და თუ მისი ქცევა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცხოვრება, მისი დამოკიდებულება ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით იძლევა იმის საფუძველს, რომ ამ ადამიანმა დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება, კანონი ამ შესაძლებლობას აძლევს, ოღონდ ამას ძალიან ფრთხილი მიდგომა და ყველა გარემოების გათვალისწინება სჭირდება. უნდა მოხდეს დაზარალებულების ინტერესების გათვალისწინებაც", - განაცხადა კობახიძემ.
დეპუტატის თქმით, მისთვის უცნობია, რა იგულისხმა პატრიარქმა უვადო პატიმრობის გადახედვის მოწოდებაში, თუმცა აღნიშნა, რომ თუ ასეთი სასჯელის კანონით გაუქმებაზეა საუბარი, ეს საკითხი სერიოზული მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
"თუ უწმინდესი გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული საერთოდ გაუქმდეს კანონით, ეს ძალიან საფრთხილო საკითხია. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც, სამწუხაროდ, ადამიანები სჩადიან ძალიან მძიმე დანაშაულს, რისთვისაც თავის დროზე სასჯელი იყო სიკვდილით დასჯა. ამის საპირწონეა დღეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა და ამის მთლიანად გაუქმება, მე მიმაჩნია, რომ საკმაოდ სერიოზული მსჯელობის საგანია და ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მაგრამ თუ პატრიარქი გულისხმობდა იმას, რომ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს უნდა ჰქონდეთ მათი სასჯელის მოხდის საკითხის გადახედვის შესაძლებლობა, ეს კანონით არის გათვალისწინებული. თუ რაიმე ცვლილებაზეა საუბარი, მაგალითად რა პერიოდულობით გადაიხედოს ან სხვა, ეს შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მანანა კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა აქვე დასძინა, რომ საკითხი კომპლექსურია, ფრთხილ მიდგომებს საჭიროებს და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება.