საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, საარჩევნო სიის 50% ქალი კანდიდატებით დააკომპლექტოს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორი სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე წერს.
"ჩემი აზრი და რჩევა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას": "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იყო ტენდენციების შემქმნელი და ახალი იდეების გენერატორი. პარტიამ შეძლო ურთულეს სიტუაციაში პოლიტიკური რეპრესიებისა და ყოველდღიური ზეწოლის, დემონიზაციისა და ბინძური სიცრუის უწყვეტი ნაკადის პირობებში თავის გადარჩენა და ერთიანობის შენარჩუნება. ახლა დროა საფუძველი ჩავუყაროთ ახალ ტრადიციებს ქართულს პოლიტიკაში და გამოვიდეთ რამდენიმე ახალი ინიციატივით, რომელთაგან პირველი შეიძლება იყოს სრული პარიტეტის დაწესება ქალბატონებისთვის. საერთო განახლების ფარგლებში წინასწარ გამოვაცხადოთ, რომ პარტიის საპარლამენტო არჩევნების სიებში კანდიდატთა 50 პროცენტი იქნება ქალი. ჯერ ერთი, ამით ხაზი გაესმევა ქალების როლის ქართულ საზოგადოებაში, ობიექტურად ხელს შეუწყობს განახლებას და უკეთესად მოგვამზადებს ოქტომბრის არჩევნებში გარდაუვალი გამარჯვებისთვის. დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ გაგვიჭირდება ძალიან ღირსეული ქალი კანდიდატების მოძებნა და მათი ამორჩევა. ამასთან, ამ კანდიდატების საზოგადოებისთვის წარდგენა დროულად უნდა შევძლოთ", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.