რუსეთი მზად არის ხვალიდან სირიაში შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, თუ მანამდე აშშ-სგან არ მიიღებს წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგის შესახებ.
როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსულმა მხარემ 5 მარტს აშშ-ს გადაუგზავნა პროექტი, თუ რა გზით უნდა ხორციელდებოდეს სირიაში სამშვიდობო ზავის დაცვის კონტროლი.
დღესვე, ანალიტიკურმა კომპანია "სტრატფორმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი სირიაში ახალ სამხედრო ტექნიკას აგზავნის.
"სტრატფორის" ექსპერტთა ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სირიიდან შეირაღებული ძალების გაყვანა დაიწყო, ამავდროულად პროვინცია ლატაკიასა და ტარტუსის პორტში მდებარე რუსულ ავიაბაზებზე სამხედრო ინფრასტრუქტურას აფართოებს და ბოლო დღეებში იქ დამატებითი სამხედრო ძალები განალაგა.
კერძოდ, "სტრატფორის" მონაცემებით, რუსეთმა ლატაკიის ავიაბაზაზე გადაისროლა საბრძოლო ვერტმფრენები Ми-28 და Ка-52.