სამების ლავრის არქიმანდრიტის იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე ექსპერტები ელექტროენერგიის მიზეზით ხანძრის გაჩენას გამორიცხავენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" არქიმანდრიტმა იოანემ განუცხადა, გუშინ სამების სტამბის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის.
მამა იოანეს თქმით, ხანძრის შედეგად სტამბის საწყობში განთავსებული ძალიან დიდი რაოდენობით საეკლესიო ლიტერატურა დაიწვა.
"ფართობი საკმაოდ დიდია. 1200 კვ. მეტრ ფართობია დამწვარი, მაგრამ 20 ათას კვ.მ ფართობია დაზიანებული. ზუსტად ახლა ექსპერტები სწავლობენ და ელექტროენერგია თითქმის უკვე გამოირიცხება. ანუ, ვერაფერს ვერ ვიტყვით, ხელოვნურად მოხდა თუ არა ხანძარი. ვერავის ვერაფერს ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ელექტროენერგიაზე რასაც საუბრობდნენ, ეს გამორიცხულია", _ დასძინა არქიმანდრიტმა.