პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩაწერებთან დაკავშირებით

პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩაწერებთან დაკავშირებით "გირჩის" წევრები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წარმომადგენელი დეპუტატები პირადი ცხოვრების მიყურადებისა და ფარული ჩაწერა-გადაღების საქმეზე პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ და შესაბამისი საკითხის ინიცირების მიზნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

როგორც პარლამენტის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "აღნიშნულმა კომისიამ უნდა გამოიძიოს მარაზმი, რაც საქართველოში წლების განმავლობაში ტრიალებდა".

მისივე თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მხარდაჭერის საკითხი პარლამენტის წევრებისათვის ტესტი იქნება.

"პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა დაადგინოს, ვინ იყვნენ ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ამას აკეთებდა, ვის ჰქონდა შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და ვინ იძლეოდა ასეთ დავალებებს. ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ, რომ ასეთი პრაქტიკა საქართველოში დასრულდეს. ჩვენი შეთავაზება მარტივი ტესტი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრებისათვის – ვინც საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს, გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ან ვიღაცას ხელს აფარებენ, აქვთ პოლიტიკური ინტერესი და გამოძიება ამის გამო არ სურთ, ან ამ ადამიანებზეც ხორციელდება რაღაც ტიპის შანტაჟი და მათზეც შეიძლება არსებობდეს მსგავსი ვიდეოები. სხვა ახსნა უბრალოდ არ არსებობს. მეოთხე წელია გადის, რაც ხელისფლებაში არის "ქართული ოცნება" და არაფერი გამოძიებულა და კონკრეტული ადამიანები არ დასჯილა – პროკურატურის ძიების შედეგები ჩვენ ვერ ვნახეთ", - განუცხადა ჯაფარიძემ "ინტერპრესნიუსს".

როგორც ჯაფარიძე ამბობს, საჯარო განცხადებებში როგორც წინა, ასევე დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რაც ფარულ ჩაწერებთან დაკავშირებით ხდებოდა არის კატეგორიულად მიუღებელი, არის ადამიანის უფლებების დარღვევა, მაგრამ "ოთხი წელი მხოლოდ ერთი და იგივე ადგილი იტკეპნება".