"კარასინის პროვოკაციას არავინ უნდა წამოეგოს, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტი"

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, ენდობა თუ არა ზურაბ აბაშიძეს.

რამაზ საყვარელიძემ "პირWელთან" საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადების ფუნქცია მისთვის გაუგებარია მაშინ, როდესაც თითქმის, ყველა უცხოელი პარტნიორი საქართველოს მიუთითებს იმაზე, რომ პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი შესანარჩუნებელია.

პრეზიდენტის მიერ ზურაბ აბაშიძის კომპეტენტურობის ეჭქვეშ დაყენებასთან დაკავშირებით, ექსპერტი ამბობს, რომ ჯერჯერობით, ვერ ხედავს საქართველოს წარმომადგენლებში უფრო კომპეტენტურ დიპლომატს, ვიდრე ზურაბ აბაშიძეა.

"ჩვენ არ ვიცით, რეალურად, რა მოხდა დახურულ კარს მიღმა. გამორიცხული არ არის, მაშინ როდესაც გრიგორი კარასინმა გააკეთა განცხადება - ლაპარაკი გვქონდა ამ თემაზეო, სწორედ ისეთი პროცესების პროვოცირება მოისურვა, რასაც ადგილი აქვს. თუ ვინმეს უშლის ხელს ეს ფორმატი, უპირველს ყოვლისა, ეს რუსეთია", - განაცხადა საყვარელიძე.

მისივე თქმით, რადგან კარასინის და აბაშიძის განცხადებები ერთმანეთს არ ემთხვევა, ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, რომელს უფრო ენდობა კარასინს, თუ აბაშიძეს.

"თუ კარასინზე ვიღებთ ორიენტაციას, მაშინ ზურაბ აბაშიძე უნდა გადადგეს იმ მიზეზით, რომ მას არ ენდობია. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ჩვენს წარმომადგენელს ვენდობით თუ არა. თუ არავის არ ვენდობით და ვენდობით მას, ვინც აგრესიულ ფრაზეოლოგიას აჰყვება, მაშინ მივიღებთ 2008 წლის სიტუაციას. თუ ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიზანი, მაშინ ეს უნდა ითქვას და გავიმეოროთ 2008 წელი. თუ ჩვენი მიზანია ურთიერთობების ნორმალიზაცია, კარასინის პროვოკაციას არავინ უნდა წამოეგოს, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტი",- განაცხადა საყვარელიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თუ პრაღის შეხვედრებზე საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა განიხილება, ქართულ მხარეს უნდა წარმოადგენდეს ისეთი დიპლომატი, რომელიც კარასინს ადეკვატურ პასუხს გასცემს.