განცდა მაქვს, რომ პატრიარქის წინადადება მხარდასაჭერია, თუმცა იურიდიული თვალსაზრისით არგუმენტები მჭირდება

განცდა მაქვს, რომ პატრიარქის წინადადება მხარდასაჭერია, თუმცა იურიდიული თვალსაზრისით არგუმენტები მჭირდება

ადამიანური განცდა მაქვს, რომ პატრიარქის წინადადება მხარდასაჭერია, თუმცა იურიდიული თვალსაზრისით არგუმენტები მჭირდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "რესპუბლიკელმა" ლევან ბერძენიშვილმა, უვადო პატიმრობის წესის გადახედვასთან დაკავშირებით, პატრიარქის მოწოდების კომენტირებისას განუცხადა.

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ პატრიარქის წინადადება სერიოზულ განხილვას იმსახურებს.

"როგორც ადამიანი, რომელიც თვითონაც იყო პატიმარი, თანავუგრძნობ ყველას, ვინც უვადო პატიმარია და ვფიქრობ, პატრიარქის წინადადება სერიოზულ განხილვას იმსახურებს, მაგრამ იმისთვის, რომ მაგალითად ჩვენმა ფრაქციამ პოზიცია შევიმუშაოთ, გვყავს მაღალი რანგის იურისტები და რა თქმა უნდა, მათ მოვუსმენ, რადგან არგუმენტები მჭირდება", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებას უვადო პატიმრობის წესის გადახედვისკენ მოუწოდა.

როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, პარლამენტმა უნდა იფიქროს, რომ უვადო არაფერია ფიზიკურ სამყაროში და უვადო არის მხოლოდ ღმერთი.