აბაშიძე-კარასინის ფორმატი გადახედვას საჭიროებს, მაგრამ მისი ხელაღებით გაუქმება არ შეიძლება

აბაშიძე-კარასინის ფორმატი გადახედვას საჭიროებს, მაგრამ მისი ხელაღებით გაუქმება არ შეიძლება

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას აზრით, აბაშიძე-კარასინისა და ჟენევის ფორმატები გადახედვას საჭიროებს, თუმცა აცხადებს, რომ მათი ხელაღებით გაუქმება არ შეიძლება.

როგორც ალასანიამა ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანამ ცივი გონებით, დინჯად უნდა მიიღოს ყველა გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივ უმძიმეს ურთიერთობებს ეხება.

"უკვე 2 წელია პრაღის ფორმატის დღის წესრიგში ახალი პოზიტიური საკითხი არ გაჩენილა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ როგორც აბაშიძე-კარასინის, ასევე ჟენევის ფორმატები საჭიროებს გადახედვას, თუმცა ერთი ხელაღებით ამ ფორმატების დაშლა არის წარმოუდგენელი და არასწორი. ამას სჭირდება პროფესიონალური, დაგეგმილი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა. როგორც ჩანს, ასეთს ადგილი ვერ აქვს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ალასანიამ.        

რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციას, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა იგულისხმა ის, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში "უფრო გონივრული, უფრო წინდახედული ინტერესების დამცავი" ჰყავდეს.

"ეს არის მთავრობის და პრეზიდენტის ერთობლივად განსახილველი საკითხი. იმედია, გარკვეულ შეთანხმებაზე გავლენ. მთავარი ის არის, რომ ჩვენ გეგმიდან არ უნდა ამოვვარდეთ და ეს არის მეტი ნაბიჯების გადადგმა, რომ კიდევ უფრო მეტად დავუკავშიროთ ჩვენი მომავალი ევროპას და რუსეთს არ მივცეთ საშუალება ჩაგვითრიოს კონფრონტაციაში", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა. ალასანიას თქმით, კიდევ უფრო მეტად უნდა გამყარდეს არაღიარების პოლიტიკა.

"თავისუფალ დემოკრატებს" გვაქვს ძალიან კარგად გათვლილი გეგმა ჩვენი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე სწორედ გერმანიისა და ევროპის უფრო მეტად ჩართვით და აქტიურობით, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის გაჩენა, როგორც კონფლიქტების, ისევე ორმხრივ ურთიერთობებში რუსეთთან. ამას ჩვენ დავიწყებთ ოქტომბერში, მაშინ, როცა არჩევნებში გავიმარჯვებთ", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დადებული "ხელშეკრულების" რატიფიცირების საკითხში მის წარმომადგენლად გრიგორი კარასინის დანიშვნის თაობაზე, ალასანია აღნიშნულს "ცინიკურ ნაბიჯად" აფასებს.

მისი თქმით, რუსეთს სურს საქართველოს ამოგდება სწორი პრაგმატული ნაბიჯების კურსიდან.