უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, მოსახლეობა სამების საკათედრო ტაძარში მისვლას ვერ შეძლებს

უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, მოსახლეობა სამების საკათედრო ტაძარში მისვლას ვერ შეძლებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარი დღეს მოინახულა.

ილია მეორის განცხადებით, სამების ტერიტორიაზე არსებული 13 ტაძრიდან წირვა-ლოცვა მხოლოდ 4 ტაძარში გაგრძელდება.

პატრიარქი მოსახლეობას მოუწოდებს, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში სამების ტაძარში მისვლისგან თავი შეიკავონ.

სამების ტაძარში ამ დროისათვის, ექსპერტთა ჯგუფს ელოდებიან.

დღეს დილით, ტაძარში საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებოდა. პრემიერმა ტაძარში განთავსებული სტამბა დაათვალიერა და ხანძრის შედეგებს ადგილზე გაეცნო.

სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარის მოადგილის, არქიმანდრიტ ილია ნასიძის განმარტებით, ცეცხლი საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე, საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა, დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი ფართობი.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის განმარტებით, გამოძიება მუშაობს ხანძრის მიზეზების დასადგენად. მისივე თქმით, ხელისუფლება ყოველ ღონეს იხმარს, რათა ხანძრის შედეგები დროულად აღმოიფხვრას.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სახანძრო სამსახური, მობილიზებულია დასუფთავების სამსახურის ბრიგადები.