ევროკავშირის ბაზარზე გასვლის მიზნით, სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ფაბრიკა-ქარხნების გადმოტანა ხდება, - ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე- პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკომისართან ვაჭშრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ მიაწოდა.
მინისტრმა ისაუბრა იმ სარგებელზე, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისგან იღებს და აღნიშნა, რომ DCFTA-ის მიმდინარეობა ევროკომისართან შეხვედრაზე განსახილველ მთავარ თემას წარმოადგენდა.
"გვაქვს არაერთი წარმატებული შემთხვევა, როდესაც სხვა ქვეყნებიდან მოხდა ფაბრიკების და ქარხნების გადმოტანა იმისთვის, რომ ევროკავშირში კიდევ უფრო მეტი პროდუქცია შესულიყო", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილი კონკრეტულად არ ასახელებს ქვეყნებს, საიდანაც ხდება ქარხნების გადმოტანა საქართველოში, თუმცა აცხადებს, რომ ერთ-ერთ ასეთ წარმატებულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როდესაც აზიიდან მოხდა ქარხნის გადმოტანა.
"ერთ-ერთი მაგალითი რაც ჩვენ ახლა გვაქვს არის აზიიდან გადმოტანილი. ქვეყანას არ დავასახელებ. ეს არის სპეციფიკური ავეჯის წარმოება, რომელმაც 220 ადამიანი დაასააქმა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ არა ერთი შემთხვევა გვექნება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.