შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, აბაშიძე- კარასინის მოლაპარაკების ფორმატის გაუქმება გამორიცხულია.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოლაპარაკების ფორმატის არსებობა საჭიროა იმისთვის, რომ დაძაბულობა კიდევ უფრო არ გაღრმავდეს.
"მე არაერთხელ მითქვამს და მკაფიოდ ვიმეორებ, იქ, სადაც დაძაბულობაა და ესკალაციის საფრთხეები არსებობს, აუცილებლად უნდა იყოს ურთიერთობების, დიალოგის რამდენიმე ფორმატიც კი. როცა დაძაბულობაა, დიალოგი მეტად საჭიროა. საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს და დიდი ხნის განმავლობაში ვერც იარსებებს დიპლომატიური ურთიერთობა. ამ ფონზე ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს რაღაც ფორმატი – მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს ფორმატი გვაქვს. პრემიერ-მინისტრის დონეზე შექმნილია სპეციალური წარმომადგენლის ფორმატი, სადაც მოლაპარაკებას ბატონი აბაშიძე ახორციელებს. პრობლემა აღნიშნული მოლაპარაკების ფორმატში არ არის. იქ ხელი არაფერს ეწერება, არამედ განიხილება აქტუალური საკითხები და ეს ფორმატიც რომ არ იყოს სად უნდა განვიხილოთ? კარიბის კრიზისის დროს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონტაქტი საერთოდ არ იყო და ჟურნალისტებს ეძებდნენ, რომ ყოფილიყო ინფორმაციის მიტანა-მოტანა თუ რა ხდებოდა სინამდვილეში", - განუცხადა ჟურნალისტებს პაატა ზაქარეიშვილმა.