"საქართველოს მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ბევრი რამ გააკეთა"

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატო-ში კურტ ვოლკერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას საქართველოს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის შეცვლასთან დაკავშირებით, ზეწოლად აფასებს.

კურტ ვოლკერის შეფასებით, რუსეთის მიზანი საქართველოზე ზეგავლენის მოხდენაა, რომ მთავრობა აიძულონ, რუსეთთან უფრო მეტად დამთმობი იყოს.

"რუსები სააკაშვილის მმართველობის დროს, საქართველოს უწყვეტად აკრიტიკებდნენ. ახლანდელმა მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება მომხდარიყო, მაგრამ თუ ისინი საქართველოს ამაზეც საყვედურობენ, მაშინ ვფიქრობ, კრემლი კმაყოფილი არასდროს იქნება. ყოველთვის შეცდომაა, რუსი ოფიციალური პირების და დიპლომატების მოსმენა და იმის ფიქრი, რომ ისინი სიმართლის გადმოცემას ცდილობენ. ამ შემთხვევაში, რუსების მიზანი საქართველოზე ზეგავლენის მოხდენაა, რომ მთავრობა აიძულონ, რუსეთთან უფრო მეტად დამთმობი იყოს. ეს საშიში მდგომარეობაა. სამწუხაროდ, რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც მეზობლეზე ასეთ ზეწოლას ახორციელებს. ეს ლეგალურობის დამახინჯებული წარმოდგენაა. ეს საქართველოს ტერიტორიტორიებია, სადაც ლეგალურად შესვლა მხოლოდ საქართველოს გავლითაა შესაძლებელი. არალეგალურია ის, რომ რუსეთს ეს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ითხოვს, რომ იქ ადამიანების შესვლა რუსეთმა აკონტროლოს. ლეგალური არგუმენტისგან დამოუკიდებლად, რუსეთი პრაქტიკულად აკონტროლებს ამ ტერიტორიებს და იქ ხალხის შესვლას. ამიტომ, ამ განცხადების ერთადერთი რეალური მიზანი საქართველოზე ზეწოლის მოხდენაა",-აცხადებს ვოლკერი.

რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ფორმატს, ვოლკერის განცხადებით, "აბაშიძე-კარასინის ფორმატის" მეშვეობით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთოებები გაუმჯობესდა და სავიზო რეჟიმის მოხსნაზე საუბარი დაიწყო. ვოლკერის თქმით, დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია.

"ჩემი აზრით, ეს დიალოგი გაგრძელდება და უნდა გაგრძელდეს კიდეც. კონტაქტის შენარჩუნების იდეა ყოველთვის კარგია, რადგან ამ მეთოდით სიტუაციის განმუხტვა მანამდეა შესაძლებელი, ვიდრე ვითარების ეკალაცია მოხდება. რუსეთი მიზანმიმართულად აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადების პოლიტიკას და უარს ამბობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებაზე. ეს კი იმის გარანტიაა, რომ ურთიერთობები კიდევ დიდ ხანს იქნება გაყინული. სწორედ ამიტომ, დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ საქართველოს მხრიდან, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ამ დიალოგის შინაარსს",- განაცხადა ვოლკერმა.

ცნობისათვის, 16 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა "ოკუპაციის შესახებ კანონის" გაუქმება მოითხოვა.