სალაჰ აბდესლამი ბრიუსელიდან ახალ ტერაქტებს გეგმავდა

სალაჰ აბდესლამი ბრიუსელიდან ახალ ტერაქტებს გეგმავდა

პარიზის ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი, რომელიც ბელგიელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად 18 მარტს დააკავეს, ბრიუსელიდან ახალი ტერტაქტების განხორცილელებას აპირებდა. "ასოშიეითიდ პრესის" ინფორმაციით, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ ამის შესახებ აბდესლამმა გამოძიებას უთხრა.

რეინდერსის თქმით, აბდესლამმა აღნიშნა, რომ "მზად იყო რაღაც გაეკეთებინა ბრიუსელიდან და ეს იქნებოდა რეალობა".

მინისტრმა დასძინა, რომ ტერორისტის განცხადება ბელგიის ხელისუფლების მხრიდან სერიოზულად იქნა აღქმული, რადგან პირველადი გამოძიების ფარგლებში აღმოჩენილია უამრავი იარაღი, მათ შორის მძიმე შეიარაღება. ასევე, დადგენილია აბდესლამის კავშირები სხვა ადამიანებთან ბელგიის დედაქალქში.

რეინდერსმა მარშალის ფონდის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლებამ 30 ადამიანზე მეტი აღმოაჩინა, რომლებიც პარიზის ტერაქტებში მონაწილეობდნენ, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტია.