ესპანეთში მყოფ ორ ქართველ სტუდენტთან დაკავშირება მოხერხდა, თსუ ამჟამად სხვა ქვეყნებში მყოფ

ესპანეთში მყოფ ორ ქართველ სტუდენტთან დაკავშირება მოხერხდა, თსუ ამჟამად სხვა ქვეყნებში მყოფ "ერასმუსელებთან" დაკავშირებას ცდილობს

საქართველოდან ესპანეთში სტუდენტური გაცვლითი პროგრამით წასული არც ერთი სტუდენტი არ დაშავებულა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადეს, ამ დროისთვის ესპანეთში "ერასმუსის" გაცვლითი პროგრამით 2 სტუდენტი იმყოფება, მათთან დაკავშირება მოხერხდა და ისინი შემთხვევის ადგილზე არ ყოფილან.

რაც შეეხება "ერასმუსის" პროგრამით საქართველოდან სხვა ქვეყნებში წასულ სტუდენტებს, თსუ-ში აცხადებენ, რომ ამჟამად გაცვლითი პროგრამით საქართველოდან სტუდენტები სულ 7 ქვეყანაში იმყოფებიან. თსუ-ს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, თეა გერგედავას ინფორმაციით, მიმდინარეობს ქართველი სტუდენტების შესახებ ინფორმაციით მოძიება.

"ამ დროისთვის, "ერასმუსის" მობილობით ესპანეთში 2 სტუდენტი გვყავს და ორივე მათგანი კარგადაა. მაგრამ გვყავს ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებში სტუდენტები. "ერასმუსის" პროგრამით საქართველოდან წასულები არიან იტალიაში, პორტუგალიაში, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში, სლოვაკეთსა და ესპანეთში. ეს იყო "ერასმუსების" საერთო შეკრება, ფესტივალი.

ამჟამად ვეხმიანებით ყველა ქვეყანაში გამგზავრებულ სტუდენტებს, თუმცა არ მგონია ვინმე რომ ყოფილიყო წასული. საეჭვო იყო ესპანეთი და იტალია, თუმცა ამ დროისთვის დასტურდება, რომ არც ერთი ამ ქვეყნიდან ქართველი სტუდენტთაგანი არ მიდიოდა აღნიშნულ ფესტივალზე", - განაცხადა თეა გერგედავამ.

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა დღეს ესპანეთის პროვინცია ტარაგონაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ესპანეთის სამეფოს შსს-ს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 06:00 საათზე, ქალაქ ამპოსტასთან ავტომანქანას შეეჯახა ავტობუსი, რომელსაც 56 ადამიანი ბარსელონაში გადაჰყავდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმეტესობა უცხოელი სტუდენტია, რომლებიც ესპანეთში "ერასმუსის" სტუდენტური გაცვლითი პროგრამით არიან ჩასულები.

ამ დროისთვის ტრასა, სადაც ავტოავარია მოხდა, გადაკეტილია. ავარიის სავარაუდო მიზეზი ავტობუსის მიერ კონტროლის დაკარგვაა.