პროცესის გახანგრძლივება ხდება ბრალდების მიერ, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებულის, ზურაბ მიქაძის ადვოკატმა, კობა კობახიძემ დღეს, სასამართლოში განაცხადა.
როგორც ადვოკატმა განმარტა, სასამართლო პროცესი პროკურატურის მიერ მოწმეთა წარმოუდგენლობის გამო ჭიანურდება.
"რაც შეეხება ბრალდებულ იაშვილს, რომელიც დღეს ვერ გამოცხადდა, კაცი ავად გახდა და წარმოადგინა ცნობა. ყველას შეუძლია ავად გახდეს. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა – როდესაც გამოვედი დარბაზიდან, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პირდაპირ დამისვა კითხვა, თქვენ აყენებთ შეურაცხყოფას ქალბატონ მეტრეველსო? მე ვუთხარი, რომ პროცესზე შეურაცხყოფის მიყენება ეს არის კრიმინალი და მე, როგორც ადვოკატი ამას მინიმუმ არ ვიზამ. მეორეც – ის არის გამწარებული, შვილმკვდარი დედა და მითუმეტეს არ მივაყენებ შეურაცხყოფას", - განაცხადა კობახიძემ.