საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ოფიციალური ვიზიტით, ბაქოში იმყოფება. მინისტრმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა.
ალიევთან შეხვედრაზე თბილისსა და ბაქოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ იყო საუბარი. ასევე, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის არსებულ მზარდ პოტენციალზე გამახვილდა.
ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების რეალიზაციის თვალსაზრისით.
მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს.