შეიქმნა პარადოქსული ვითარება: კულტურული იდენტობის დაცვის სახელით გამოდიან შენიღბული პრორუსული ძალები

შეიქმნა პარადოქსული ვითარება: კულტურული იდენტობის დაცვის სახელით გამოდიან შენიღბული პრორუსული ძალები

ჩემს გამოცდილებას "თავისუფალ დემოკრატებს" მოვახმარ, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა აღნიშნული პარტიის წევრად წარდგენისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, "თავისუფალი დემოკრატები" რაციონალური და ცივილიზებული პოლიტიკური კულტურის მატარებელი ძალაა.

"2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის არჩევნებამდე პერიოდში მე მჭიდროდ ვთანამშრომლობდი "თავისუფალ დემოკრატებთან" და არც მას შემდეგ შემიწყვეტია მასთან ურთიერთობა. ყველაზე მძაფრი პოლიტიკური სიტუაციის დროსაც ამ პარტიის წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რაციონალიზმს, წონასწორობას და პოპულისტური ცეცხლოვანი რიტორიკისთვის არ შეუწირავთ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. ესაა რაციონალური და ცივილიზებული პოლიტიკური კულტურის მატარებელი ძალა. ეს პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალები ჩვენი კულტურის ორგანულ ნაწილად აქციოს ისე, რომ არ დაუპირისპირდეს კულტურის ძირეულ პარადიგმებს. ჩვენს ისტორიულ სიტუაციაში ეს ძალზე მნიშვნელოვანი რამ არის. ჩვენ მრავლად გვინახავს ლიბერალური ყაიდის პოლიტიკური მოძრაობები, რომლებიც თავის პათოსს ხშირად ჩვენი კულტურის ბუნებრივი რეჟიმის წინააღმდეგ მიმართავდნენ და ერთგვარი ქირურგიული ჩარევით ცდილობდნენ მის შეცვლას. შედეგად კი ამას საპირისპირო შედეგი - ექსტრემისტური რელიგიური და ეთნოფეტიშისტური განწყობების გაძლიერება მოჰყვა. ეროვნულ, რელიგიურ და ზნეობრივ ღირებულებებზე ინიციატივის აღებას შეეცადნენ ის ძალები, რომლებიც იმ სამყაროში გვიპირებენ მიბრუნებას, რომლისგან თავის დაღწევასაც არაერთი თაობის ძალისხმევა მოხმარდა. შეიქმნა პარადოქსული ვითარება: კულტურული იდენტობის დაცვის სახელით გამოდიან დაუფარავად თუ ცუდად შენიღბული პრორუსული ძალები. "თავისუფალ დემოკრატებს" ძალუძთ დაანახონ ქართულ საზოგადოებას, რომ კონფლიქტი ჩვენს სულიერებასა და ევრო-ამერიკულ სამყაროებს შორის მხოლოდ მავანთა წარმოსახვაში არსებობს", - განაცხადა ფირალიშვილმა.

პარტიის ახალი წევრის განმარტებით, "თავისუფალ დემოკრატებში" თავმოყრილი ადამიანები თავისი სფეროების პროფესიონალებს წარმოადგენენ და მათთვის უცხოა პოპულიზმისთვის ხარკის გადასახდელად უსაფუძვლო განცხადებების გაკეთება.

"ეს კი იმედს იძლევა იმისა, რომ ამ პარტიას ძალუძს მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჩვენს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში. ანალიტიკოსისა და კომენტატორის როლში ყოფნა საკმაოდ კომფორტულია, მაგრამ, ვფიქრობ, როდესაც ასეთი გააქტიურებულია ძალები, ახალ მონობას რომ გვპირდებიან, აუცილებელია ამ კომფორტის დათმობა და საკუთარი ძალისხმევის გაღება. რა მიმაქვს მე? ჩემის მხრივ იმედი მაქვს, რომ ამ პოლიტიკურ ძალას მოვახმარ ჩემს გამოცდილებას როგორც ზოგადად ანალიტიკური საქმის თვალსაზრისით, ისე, კონკრეტულად განათლების, კულტურისა და მეცნიერების სფეროთა ცოდნით," - აღნიშნა ფირალიშვილმა.