"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებას პარტიის ახალი წევრი წარუდგინა. ალასანიას გუნდს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი შეუერთდა.
"დღეს მე ამაყი ვარ, რომ შემოგვიერთდა გამორჩეული ინტელექტუალი, შეუბღალავი ავტორიტეტის და მაღალი პროფესიული სტანდარტის ადამიანი ზაზა ფირალიშვილი. როცა ჩვენს გვერდით დგებიან ისეთი მოაზროვნე ადამიანები, როგორიცაა ბატონი ზაზა, გვიმყარებენ იმ განცდას, რომ არ არსებობს ისეთი სირთულე, რომელიც შეიძლება "თავისუფალმა დემოკრატებმა" ვერ გადავლახოთ. ისინი მორალურად გვამხნევებენ და გვძენენ თვითრწმენას იმისა, რომ ნებისმიერი სირთულის საქმის მოგვარება და პრობლემების გადაწყვეტა შეგვიძლია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, ზაზა ფირალიშვილის პარტიაში ყოფნა იმის ნიშანია, რომ ის ჩაუდგება სათავეში ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტებს: განათლების მეცნიერებისა და კულტურის დაგეგმვის საქმეს.
"მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ "თავისუფალ დემოკრატებს გვაქვს ის პროფესიული გამოცდილება და ადამიანური რესურსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აამოქმედებინებს ჯერ კიდევ აუმოქმედებელ პოტენციალს", - აღნიშნა ალასანიამ.