თავდაცვის მინისტრი არ ჩართულა საჯარო დებატებში საკითხზე, რომელიც ყურძნის მოსავალს ეხებოდა – ის საჯარო დებატებში ჩართული აღმოჩნდა საკითხზე, რომელიც უშუალოდ მის კომპეტენციას და მის უწყებაში შემავალ საკითხს უკავშირდებოდა, - ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, გასული კვირის ბოლოს, პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრისას, რა გაირკვა გიორგი კვირიკაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის მისამართით გამოხატულ უკმაყოფილებასთან და თინა ხიდაშელისადმი მითითებასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის მინისტრი პირველ რიგში მინისტრია და შემდეგ პარტიის ლიდერი, უსუფაშვილმა შემდეგი განმარტება გააკეთა: პირველ რიგში, სწორედ პრემიერი-მინისტრია პასუხისმგებელი მთავრობის სწორ ფუნქციონირებაზე და მინისტრები ვალდებულნი არიან, მის მითითებებს და ხედვებს მიჰყვნენ. პრემიერ-მინისტრი, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ყველაფერზე გუნდთან ერთად იღებს, ამიტომ ზოგჯერ, რაიმე საკითხში, თუკი პრემიერ-მინისტრს განსხვავებული პოზიცია ექნება, ან საჭიროდ ჩათვლის საკუთარი პოზიცია ამა თუ იმ მიმართულებით, ამა თუ იმ ქმედებაზე საჯაროდ გამოთქვას, ეს ნორმალურია. მე თავდაცვის მინისტრის დაცვა გამიჭირდება - ამას არ გავაკეთებ. უბრალოდ, მიგანიშნებთ იმ ფაქტზე, რომ თავდაცვის მინისტრი არ ჩართულა საჯარო დებატებში საკითხზე, რომელიც ვთქვათ, ყურძნის მოსავალს ეხებოდა. თავდაცვის მინისტრი ჩართული აღმოჩნდა საჯარო დებატებში იმ საკითხზე, რომელიც უშუალოდ მის კომპეტენციაში და მის უწყებაში შემავალ საკითხებს უკავშირდებოდა. ამიტომ მთლად გვერდზე გასვლა ამ თემიდან შეუძლებელი იყო.
უსუფაშვილის განცხადებით, გარკვეული საჯარო აქტიურობა უფრო იმას მოჰყვა, რომ კონკრეტული ბრალდებელი წამოვიდა არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის თუ უმრავლესობაში შემავალი პირების მხრიდან, არამედ საქართველოს პროკურატურის მხრიდან, როცა საქმეში პროკურატურა ჩაერთო. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, როცა საკითხის გარკვევაში პროკურატურა ერთვება, ასეთ შემთხვევაში, თითქმის გარდაუვალი აუცილებლობაა, რომ რაღაც საკითხები განიმარტოს და სიცხადე შევიდეს.
"კარგი ამბავი არის ის, რომ პრემიერ-მინისტრის, მინისტრის და ჩვენი მცდელობითაც, ეს საკითხები გადასულია იმ ჩარჩოში, რომელშიც აღმოჩნდა. ცალკე საკითხია იყო თუ არა რაიმე გასარკვევი, სწორი იყო თუ არა რაიმეს საერთოდ დაწყება, ვის რა პოლიტიკური ინტერესი აქვს – დღეს ამ ვითარებაში ვართ, ამიტომ ყველა თანამდებობის პირმა ჩვენი საქმის კეთება უნდა გავაგრძელოთ, რადგან საქმეში ის თანამდებობის პირები ჩაერთვნენ, რომელთაც მეტი კითხვის დასმის უფლება და საშუალება აქვთ. ასე, რომ ამ თემაზე რაიმე კითხვა ამ წუთის მდგომარეობით არ არსებობს. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.