პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ტელეკომპანია "მაესტროს" მეწილეების დავასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი ნებისმიერი შეფასება აღნიშნულ საკითხზე, შესაძლოა, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს.
უსუფაშვილის თქმით, გაუგებრობები სწრაფად და უმტკივნეულოდ უნდა მოგვარდეს. პარლამენტის თავმჯდომარე საქმეში ჩართულ ყველა მხარეს კვალიფიციური გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებს.
"ამ ტელეკომპანიას დაებედა, რომ სულ, მუდამ შარშია. ვისურვებდი, რომ ნებისმიერი სადავო საკითხი მოგვარდეს ცივილიზებული გზით. გაუგებრობები უნდა მოგვარდეს, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და სწრაფად, დადგენილი წესებით. ნებისმიერი სხვა ჩარევა ჩემი ან ხელისუფლების მხრიდან, ან შეფასებების გაკეთება, კონტრპროდუქტიულია. მინდა ვთხოვო ყველა სახელმწიფო თანამდეობის პირს, ეს იქნება მოსამართლე, საჯარო რეესტრის თანამშრომელი თუ სხვა, რომელთაც შეხება აქვთ ამ საქმესთან, გადაწყვეტილებები მიიღონ შემჭიდროებულ ვადებში. გადაწყვეტილებები იყოს კარგად დასაბუთებული და ჩამოყალიბებული და დაემორჩილონ მხოლოდ კანონს. ვისურვებ, სწრაფად, ხარისხიანად და კვალიფიციურად მიიღონ ყველა გადაწყვეტილება",-განაცხადა უსუფაშვილმა
შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" დირექტორად დღეს დაარეგისტრირა.