"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი "გაზპრომის" საწინააღმდეგო აქციაში – "ცოცხალ ჯაჭვში" მონაწილე ყველა მოქალაქეს მადლობას უხდის.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გუშინ, ჩვენს მიერ ორგანიზებულ აქციას - სიმბოლურ ჯაჭვს შემოუერთდა, რომელიც კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე გაიმართა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ივანიშვილს და მის მთავრობას უთხრა, რომ არ დაუშვებს ქვეყნის უკუსვლას. ჩვენმა აქციამ შედეგები გამოიღო, მთავრობამ შეცვალა თავისი რიტორიკა, შეცვლის თავის პოზიციებსაც, მაგრამ საბოლოო გამარჯვება იქნება ოქტომბერში, როცა მთავრობას გავისტუმრებთ. მთავრობას, რომელიც მზადაა დათმოს ქვეყნის ნაციონალური ინტერესები", _ განაცხადა სერგო რატიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" "გაზპრომის" საწინააღმდეგო აქცია გუშინ გამართა. მის ფარგლებში პარტიის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობამდე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.