ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქარხანა AG Microelectronics-ში ენერგოეფექტური (LED) ნათურების წარმოების პროცესი დაათვალიერა.
შპს AG Microelectronics-ი პირველი მიკროელექტრონული საწარმოა ამიერკავკასიის რეგიონში. ქარხანა ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენების მიერ განხორციელებული 3 მილიონი დოლარის ინვესტიციის შედეგად აშენდა. ასევე, "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში 167 ათასი დოლარით დაფინანსდა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წარმოების გაფართოება
წარმოებაში დასაქმებულია 50 ადამიანი, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან შრომის ღირსეული ანაზღაურებითა და თანამედროვე მოთხოვნებით გათვალისწინებული პირობებით.
ქარხანამ, ენერგოეფექტური ნათურების წარმოება 2015 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და დღეისათვის თვეში 20 000 სხვადასხვა სიმძლავრის ნათურას აწარმოებს. აღნიშნული პროდუქცია მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია წარმოების გაფართოვება. შედეგად, წლის განმავლობაში 1 მილიონამდე ნათურის წარმოება იქნება შესაძლებელი, რომელის დიდი ნაწილის ექსპორტზე გატანაა დაგეგმილი.
არსებული სანათი საშუალებების (ვარვარა) ენერგოეფექტური ნათურებით (LED) ჩანაცვლება ქვეყანას 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 10 მლრდ.კვტ.სთ ელექტროენერგიის დანაზოგს მისცემს, რაც წლიურად საშუალოდ 500მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს.
AG Microelectronics-ის წარმოების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, დაწყებული მცირე საყოფაცხოვრებო ელექტრონული მოწყობილობებით (სატელევიზიო მიმღები, ძაბვის დამცველი, მოდემი, სმატრფონი, პლანშეტი, ნეთბუქი, ლედ ნათურა, ტელევიზორი) და დამთავრებული უახლესი მაღალტექნოლოგიური საზომი და საწარმოო მოწყობილობებით.
მიმდინარე წლის 1 მაისიდან, საქართველოს ბაზარზე ქარხანაში წარმოებული პირველი ქართული LED ტელევიზორი გამოჩნდება. ასევე, დაგეგმილია მათი საექსპორტოდ გატანა.
AG Microelectronics-სთან პარტნიორობით უკვე დაინტერესდნენ ისეთი ცნობილი კომპანიები როგორებიცაა Microsoft, Fujitsu, Intel, Iberiasat, AG telekom. ისინი ინტერესდებიან როგორც უკვე მზა ნაწარმის შეძენით, ასევე ახალი ერთობლივი მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნით.
დამატებით, ინფორმაციისთვის:
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, ევროპისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) დახმარებით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით: „ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა“. აღნიშნული ითვალისწინებს სამშენებლო და საყოფაცხოვრებო სექტორში ენერგოეფექტური ღონისძიებების შეფასებას და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას. პროექტი სრულდება მარტის ბოლოსათვისაა დაგეგმილი.
ასევე, დანიის მთავრობის დახმარებით იწყება ახალი პროექტი სახელწოდებით „ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგიების განვითარება საქართველოში“. აღნიშნული პროექტი სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ითვალისწინებს სადემონსტრაციო ენერგოეფექტური პროექტის განხორციელებას საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში.
ასევე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ჩართულია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტში „დაბალემისიებიანი გავითარების სტრატეგია“, რომელიც USAID-ის დახმარებით მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ენერგოეფექტურობის განვითარებას ქვეყანაში. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო კვლავ აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებით და მომავალში ბევრ საინტერესო პროექტებს განხორციელებას გეგმავს.