საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ უნდა დასრულდეს სპეკულაციები იმის თაობაზე, ესმის თუ არ ესმის საქართველოს ენერგეტიკული საკითხები.
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ეს საკითხები სტრატეგიულად და პოლიტიკურადაც. მინდა ძალიან დიდი კმაყოფილება გამოვთქვა მთავრობის, პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის მიმართ, რომლებმაც დაასრულეს ქვეყნის გაზმომარაგებით უზრუნველყოფის პროცესი ისე, როგორ ყველაზე უკეთესი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ენერგეტიკული და პოლიტიკური თვალსაზრისით", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ამ პროცესში უნდა გავიაზროთ, რომ არ ვართ მარტო და ასეთ საკითხებში "ბევრი ინტერესია ჩართული".
"ამ ინტერესებს ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ და არ გავაკეთოთ იგნორირება, თითქოს ისინი არ არსებობს. ეს არის ჩვენი, სხვადასხვა მეზობლებლების განსხვავებული დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხისადმი. ჩვენ მთავარია მივიღოთ საბოლოო შედეგი ის, რაც ქვეყანას სჭირდება დღეს და სამომავლოდ. მე ვხედავ, რომ ეს შედეგი მივიღეთ და ეს ძალიან კარგია", - განაცხადა უსუფაშვილმა.