ნატო ეგეოსის ზღვაში ხომალდების რაოდენობას ზრდის. "ბიბისის" ცნობით, ამის მიზეზი თურქეთიდან საბერძნეთში მიმავალი არალეგალი მიგრანტების შეჩერებაა. როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, დამატებითი გემები თურქეთისა და საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში გაიგზავნება.
მისივე თქმით, ეს ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება. მიგრაციული კრიზისის მოსაგვარებლად დღეს ბრიუსელში ევროკავშირი-თურქეთის სამიტი იმართება.
როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, ევროპას სურს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული ის წერტილები დაიხუროს, რომელსაც მიგრანტები ევროპაში არალეგალურად ჩასასვლელად იყენებენ.