"ნაციონალური მოძრაობის" აქცია "არა გაზპრომს" დროსა და სივრცეში აცდენილი იყო, რადგან საფრთხეები, რომელიც აქციაზე გაჟღერდა, მინიმალიზებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ თემას აქტუალობა დაკარგული ჰქონდა. "ეს წმინდა პოლიტიკური აქცია იყო, პოლიტიკური პროცესის ნაწილია, თუმცა დროში და სივრცეში აცდენა მოხდა. ზუსტად ამ დღეებში, ის რისკები, რაზეც ამ აქციაზე იყო საუბარი, მინიმალიზებულია. ანუ გაფართოებულია "სოკართან" კონტრაქტი და როგორც გვეუბნებიან, წლის ბოლომდე ტრანზიტის ნაწილშიც ცვლილებები არ იგეგმება. ეს აცდენა იყო, მაგრამ პოლიტიკოსები ჯიუტი ხალხია ზოგადად და ისინი მაინც თავისას აკეთებენ. კითხვები მთელ ამ პროცესთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებობს, მაგრამ საფრთხე ამ წუთისთვის ისეთი არ არის, რომელსაც მასშტაბური პროტესტი შეიძლებოდა მოჰყოლოდა", - აღნიშნა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, აქციაზე შესამჩნევი იყო უკრაინული სიმბოლიკა, სავჩენკო და ა.შ. "გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ "გაზპრომის" თემა ნაკლებად აქტუალური შეიძლებოდა გამოსულიყო, უკრაინულ თემაზეც გადავიდნენ და მიშა გაგვახსენეს. ეს გავდა ქარიშხალს ჭიქაში, თუმცა ეს არის თვითონ ორგანიზატორების ტაქტიკა და მე ამაში ძალიან ღრმად არ შევალ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით დღეს საპროტესტო აქცია "არა გაზპრომს" გაიმართა. აქციის მონაწილეები შეკრებილები იყვნენ რუსეთის ფედერაციის ყოფილი საელჩოდან მთავრობის ადმინისტრაციამდე და ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შეკრული. მონაწილეებმა აქციის დასასრულს ჰაერში ლურჯი ბუშტები, წარწერით "არა გაზპრომს" გაუშვეს იმის ნიშნად, რომ მათ არ სურთ საქართველო დამოკიდებული იყოს რუსულ გაზზე. სპროტესტო აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.