ჩვენი ცხოვრება არის გამოცდა და ცხონებისკენ მიმავალი ყველაზე იოლი გზა არის მოწყალება, ადამიანის შეწყნარება და დახმარება. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ისაუბრა.
მისი თქმით, უნდა ვიფიქროთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ. "დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ, როგორ განვვლოთ ჩვენი ცხოვრება. ჩვენი ცხოვრება არის გამოცდა და ყველაზე იოლი გზა, ცხონებისკენ მიმავალი, არის მოწყალება, ადამიანის შეწყნარება და დახმარება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რასაც ვაკეთებთ ამ ქვეყნად, დაგვხვდეს სასუფეველში და მომავალ ცხოვრებაში. ზოგიერთი ამბობს, რომ ადამიანი უნდა მოემზადოს გარდაცვალებისთვის. ეს სწორია, მაგრამ ყველაზე მეტად უნდა მოვემზადოთ მომავალი მარადიული ცხოვრებისთვის", - ბრძანა პატრიარქმა.