"ერთიანი ნაციონალური მოძრაობია" მიიჩნევს რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მთავრობის მიერ მისი პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება მოხდა, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი კანდელაკმა ისაუბრა.
"სასამართლოს თავმჯდომარის თანახმად, მთავრობა, კერძოდ კი, იუსტიციის მინისტრი მას ამ ჩანაწერით ფაქტობრივად აშანტაჟებს. სწორედ ამიტომ იუსტიციის მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა დაიკითხოს. იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება ასევე უნდა დაიწყოს მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, როცა მან ბატონ პაპუაშვილს "თანამშრომლობის" ნაცვლად ვენეციის კომისიის წევრობის გაგრძელება შესთავაზა.
საქართველოს ყველა უცხოელი პარტნიორი აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი, როცა ბიძინა ივანიშვილს საშუალება არ მისცა ხელში ჩაეგდო "რუსთავი 2". ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ ივანიშვილის შეტევა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევაცაა.
ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, გარდა იმისა, რომ გააღარიბა ხალხი და ანიავებს ჩვენს სუვერენიტეტს, მასობრივად ნერგავს მისი მშობლიური რუსეთისთვის დამახასიათებელ ბინძურ მეთოდებს - მასობრივ თვალთვალს და შემდეგ ადამიანების შანტაჟს. მან უშიშროების სისტემაში მოიყვანა საბჭოთა "კაგებეში" ნამუშევარი არაერთი კადრი, რაც თავისთავად უდიდესი საფრთხის შემცველია. ცხადია, ივანიშვილს აღნიშნული ბინძური მეთოდები ვერ უშველის. საკუთარ უნიათო და მავნებელ გუნდთან ერთად მას ქართველი ხალხი წელს უნდობლობას გამოუცხადებს და ხელისუფლებას ჩამოაშორებს", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.