აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზება მაშინ არის შესაძლებელი, როცა ამერიკა აღიარებს, რომ მსოფლიოს ბატონ-პატრონი არ არის

აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზება მაშინ არის შესაძლებელი, როცა ამერიკა აღიარებს, რომ მსოფლიოს ბატონ-პატრონი არ არის

აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზება მაშინ არის შესაძლებელი, როცა ამერიკა აღიარებს, რომ მსოფლიოს ბატონ-პატრონი არ არის, - ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის წარმომადგენელმა თავრიზის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუჰამედ ანვერმა თავრიზში მყოფ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"დასავლეთთან შეთანხმების ფარგლებში, ორივე მხარემ დათმო რაღაცეები, მაგრამ ჩვენ, როგორც ისლამურ სახელმწიფოს, მთავარი პრინციპებიდან არ გადაგვიხვევია. ამ დათმობებით კი ორივე მხარე ვიყავით მოგებული. დასავლეთი თუ თავის პირობებს შეასრულებს, ირანი მოლაპარაკებებს და დათმობების მხარდაჭერას გააგრძელებს. იყო რამდენიმე ქვეყანა, უფრო მათი ხელისუფლებები, რომლებიც მოტყუებული იყვნენ ამერიკის პოლიტიკის მხრიდან. ჩვენ ამ მუსლიმი ქვეყნების მიმართ ნაწყენი არ ვართ, რადგან ჩვენ ამ ქვეყნების ლიდერებთან კი არა, ხალხთან გვაქვს კავშირი. ჩვენ ის ხალხი გვაინტერესებს, რომელიც ისლამური რევოლუციის პრინციპებს იზიარებდა", - აღნიშნა მან.

ჟურნალისტების კითხვაზე, საერთაშორისო სანქციების მოხსნის შემდეგ, რა პოტენციალს ხედავენ ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით, მუჰამედ ანვერმა აღნიშნა, რომ ეს აშშ-ის ლიდერების პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

"მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ირანელ და ამერიკელ ხალხს ერთმანეთი გვიყვარდა და გვიყვარს. ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული პრობლემების და ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი ამერიკელი ლიდერებია და არა ამერიკელი ხალხი. ვიდრე ამერიკის ლიდერები თავიანთ ნეგატიურ პოლიტიკას არ შეეშვებიან, ირან-აშშ-ის შორის ურთიერთობები, არა მგონია, ახალ ეტაპზე გადავიდეს. ურთიერთობების ნორმალიზების შანსი იმ შემთხვევაში იქნება, თუ ამერიკის ხელისუფლება თავის ნეგატიურ პოლიტიკას შეცვლის და აღიარებს, რომ მსოფლიოს ბატონ-პატრონი არ არის. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ჩვენც შევცვლით მიდგომებს და შესაძლებელია, ირანსა და აშშ-ს შორის კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს", - განაცხადა თავრიზში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის აიათოლაჰ ხამენეის წარმომადგენელმა თავრიზის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუჰამედ ანვერმა.