"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ კოალიციას არც ერთი პარტია არ დატოვებს. როგორც ირაკლი ალასანიამ "იმედის" ეთერში განაცხადა, კოალიციაში ქაოსია.
"მე არამგონია, რომ ვინმემ დატოვოს კოალიცია. დარწმუნებული ვარ, რომ აქ გარკვეულწილად მოხდება შეთანხმება და ჩვენც ეს გვაწყობს. მე არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ ჩვენ გვაწყობს რაც შეიძლება დალაგებული და კარგი ხალხით წარმოჩინებული კოალიცია, რადგან ჩვენ პარლამენტში მოგვიწევს ყველას გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება და გარკვეულ ეროვნული თანხმობის ნაბიჯებზე შეთანხმების მიღწევა. დღეს როდესაც ახალი ლიდერი ჰყავს პრემიერის სახით "ქართულ ოცნებას" მე არ მომწონს, როდესაც მისი ავტორიტეტის ეროზია ხდება", - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს კოალიციის დაკომპლექტება მაქსიმალურად იაფი დაუჯდეს.
"რესპუბლიკელებზე თავდასხმა მიმართული იყო იმისკენ, რომ მათი მადა დაეწია. ეს სხვა არაფერს უკავშირდება ჩემი შეფასებით. მეორე- რაც მნიშვნელოვანია, ქართულ პოლიტიკურ სივრცეს სჭირდება მშვიდობა, რომ მივიდეთ არჩევნებამდე. პრემიერ-მინისტრს მოვუწოდებ, რომ შედგეს შეთანხმება პოლიტიკოსების ქცევის კოდექსზე. შემდეგ უკვე წინასარჩევნო კამპანია იქნება ცივილური", - განაცხადა ალასანიამ.
მან კოალიციის დატოვების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "თავისუფალი დემოკრატების" გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მაშინდელმა და ყოფილმა კოალიციის ხელმძღვანელებმა ერთდროულად მიიღეს.
"პროკურატურამ კარგად შეთითხნილი საქმით დაიწყო, რომელიც დღეს უკვე გამოჩნდა, რომ ამას რეალობასთან არ ჰქონდა კავშირი. ეს იყო პოლიტიკური თავდასხმა. ამის მერე მიიღეს გადაწყვეტილება და მათ გამათავისუფლეს სამსახურიდან და ბუნებრივად მოხდა გახლეჩა. ჩვენ ბოლომდე ვუერთგულეთ ჩვენს საქმეს და იმ სიტყვას, რომელიც მივეცით ხალხს. ეს დაარღვია ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
რაც შეეხება იმას, რომ ირაკლი ალასანიას ნერვებმა უმტყუნა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ამბობს, რომ ამ განცხადებასთან დაკავშირებით იგი ესაუბრა თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს.
"თინა ხიდაშელი არის ჩემი უნივერსიტეტის მეგობარი და ვუთხარი კიდეც მას, რომ ნერვებიც მყარი გვაქვს და თამოყვარეობაც. როდესაც შენ 5 უდანაშაულო ადამიანს დაგიჭერენ, რომ შენზე უნდათ პოლიტიკური თავდასხმა და მათ არ დაიცავ კბილებით, ხელებით და რაც კი რამე გაქვს ყველაფრით, მაშინ შენ საერთოდ საჯარო სივრცეში კი არა ამ ქვეყანაში არ დაგედგომება", - განაცხადა ალასანიამ.