გიორგი კვირიკაშვილი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს Crowne Plaza Borjomi გახსნას დაესწრო

გიორგი კვირიკაშვილი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს Crowne Plaza Borjomi გახსნას დაესწრო

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების კომპანია, InterContinental Hotels Group-ი ბორჯომში ცნობილი ბრენდით – Crowne Plaza შემოვიდა. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Crowne Plaza Borjomi დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

სასტუმრო აღჭურვილია 101 თანამედროვე ნომრით, რომლებიც გათვლილია დამსვენებელთა ფართო სპექტრზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ბორჯომს ტურისტული თვალსაზრისით დიდი პოტენციალი გააჩნია, სახელმწიფომ კი ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწყობას განსაკუთრებული ყურადრება უნდა დაუთმოს.

გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნისთვის ტურიზმის განვითარების მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში სხვადასხვა პროექტების განხორციელება იგეგმება.

"ჩემი გული სიხარულით სავსეა, რომ ვხედავ ამ უმშვენიერეს სასტუმროს ამ უმშვენიერეს ადგილას. ძალიან მიხარია, რომ ასეთ მოკლე ვადაში დასრულდა უმშვენიერესი კომპლექსი, რომელიც გახლავთ საერთაშორისო სასტუმროების კომპანიის "ინტერკონტინენტალის" ელიტარული ბრენდი. 32 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განხორციელდა ამ სასტუმროს მშენებლობაში. მშენებლობაზე 250-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან 150-ზე მეტი იყო ადგილობრივი მცხოვრები. ეს სასტუმრო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბორჯომის, როგორც საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულების მნიშვნელობას. ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული დარგი. ტურიზმი აგენერირებს ყველაზე მეტ შემოსავალს და ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში. ძალიან სასიხარულოა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში კვლავ დაიწყო ძალიან დიდი ზრდა ვიზიტორების და შარშანდელ წელთან შედარებით ვიზიტორების ზრდა 23%-ია. შარშან მიუხედავად საქართველოს ირგვლივ არსებული არასახარბიელო ეკონომიკუირ მდგომარეობისა თითქმის 10%-მდე ზრდა გვქონდა ვიზიტორების.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპლექსი იხსება ქალაქში, რომელიც არის ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ლამაზი მიმართულება. არაფრით არ არის ბორჯომი თუნდაც კარლოვი-ვარზე ან ბადენ-ბადენზე ნაკლები. სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადრება უნდა დაეთმოს ინფრასტრუქტურის მოწყობას ბრჯომში, რომ ეს გახდეს საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტული ცენტრი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება ქუთაისიდან სამცხე-ჯავახეთის, ასევე ქუთაისიდან სვანეთის მიმართულებით ავტომაგისტრალების მშენებლობა.