"მნიშვნელოვანია, რომ ამ საწარმოში ახალგაზრდები ხეზე კვეთის ხელოვნებას სწავლობენ"

"აწარმოე საქართველოში" არის პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს დაამაგრებს რეგიონებში და აღარ მოუწევთ სამუშაოს ძებნა ქალაქში"- ასე შეაფასა ქვაბისხევის მკვიდრმა, მცირე მეწარმე თემურ მაისურაძემ პროგრამა.

მან პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მთავრობის წევრებს "ამხანაგობა ჩუქურთმას" საამქროში უმასპინძლა.

პრემიერი „ამხანაგობა ჩუქურთმას" საქმიანობას გაეცნო. თემურ მაისურაძის განმარტებით, ამხანაგობა ხის ნაკეთობებზე და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებზე მუშაობს. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, მათ შეიძინა ხის გადასამუშავებელი და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დასამზადებელი დანადგარები, ასევე ავტომანქანა.

მეწარმეების თქმით, "ამხანაგობა ჩუქურთმა“ წლების წინაც საქმიანობდა, თუმცა სტიქიური უბედურების შედეგად საამქრო მთლიანად განადგურდა.

ამხანაგობის სამმა წევრმა წარმოების ამუშავება სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით შესძლეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საწარმოში ახალგაზრდები სწავლობენ ხეზე კვეთის ხელოვნებას, რომ მათ უჩნდებათ შემოსავლის წყარო, რაც დაამაგრებს ახალგაზრდებს სოფლად,"- აღნიშნა პრემიერმა.