ირანელი კავკასიოლოგი:  საქართველოს განვითარებას ორი რამ უშლის ხელს: აშშ და რუსეთი

ირანელი კავკასიოლოგი: საქართველოს განვითარებას ორი რამ უშლის ხელს: აშშ და რუსეთი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ ნელ-ნელა დაიწყო ფეხზე დადგომა, მაგრამ მის განვითარებას ორი რამ უშლის ხელს: აშშ და რუსეთი, - ამის შესახებ ირანელმა კავკასიოლოგმა, თავრიზის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენელმა, აჰმად ფარშბაფიანმა განაცხადა.

სწორედ აშშ-ს გავლენას უკავშირებს ფარშბაფიანი საქართველოს მიერ 2013 წელს ირანისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას. ასევე, აცხადებს, რომ სამი წლის წინ საქართველოსა და ირანს შორის უფრო ღრმა კავშირები იყო.

"აშშ ცდილობს, რომ საქართველოზე გავლენა მოიპოვოს, განვითარებაში დახმარებას ჰპირდება. მეორე მხრივ, იგივეს ცდილობს რუსეთიც და სწორედ ეს აფერხებს საქართველოს განვითარებას", - განაცხადა ირანელმა კავკასიოლოგმა თავრიზში ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ამ ვითარებაში საქართველომ, იგი ირანის მაგალითზე მიუთითებს.

"აშშ ამბობს, რომ მას თითქოს ეშინია, რომ ირანი ატომურ ბომბს ქმნის. ეს ტყუილია. რეალურად კი მას აშინებს ირანის სამეცნიერო მიღწევები და განვითარება. ჩვენი სულიერი ლიდერის ჰომეინის დევიზი იყო - არც მარჯვნივ, არც მარცხნივ არამედ პირდაპირ, ანუ არც დასალეთი და არც აღმოსავლეთი, არამედ მხოლოდ ისლამური გზა. იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, პირველ რიგში, მან უნდა გამოიყენოს საკუთარი ცოცხალი რესურსი, ეს არის განათლებული ახალგაზრდობა", - განაცხადა აჰმად ფარშბაფიანმა.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა გაიგოს, რომ არც აშშ-დან, არც რუსეთიდან და არც ევროპიდან მისთვის ხეირი არ არის და უნდა ითანამშრომლოს ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოსგან სარგებელს არ მოელიან. ასეთი ქვეყნების რიგში ასახელებს ფარშბაფიანი ირანსაც.

"ჩვენი მესიჯი მსოფლიოსთვის ის არის, რომ ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას. ყველა ქვეყნის სტუნდეტი, ახალგაზრდა, მასწვალებელი პროფესიონალი მიხედავს საკუთარ სამშობლოს. ქვეყნები ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩაერიონ", - აღნიშნა ირანელმა კავკასიოლოგმა.