რუსეთი ცდილობს ძველი დრო დააბრუნოს, როცა მისი დომინირება ძალისა და დაშინების ხარჯზე ხდებოდა

რუსეთი ცდილობს ძველი დრო დააბრუნოს, როცა მისი დომინირება ძალისა და დაშინების ხარჯზე ხდებოდა

ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდრ ვერშბოუს სიტყვა, რომლითაც ის პოლონეთში, "სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის" ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე - "ნატო როგორც აქტიური დამცველი - მოლოდინები ნატო-ს ვარშავის სამიტამდე" წარდგა.

ალექსანდრ ვერშბოუ თავის სიტყვაში საქართველოზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსთან სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას გააგრძელებს.

გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ კამპანიას ატარებს და უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია.

"ეს გახდა ოცწლიანი პერიოდის დასასრული, როცა დასავლეთის ქვეყნები რუსეთს როგორც პარტნიორს უყურებდნენ. რა თქმა უნდა, უკვე მაშინ რუსეთმა მეზობლად მდებარე ქვეყნების დესტაბილიზაციის მაგალითი აჩვენა, კერძოდ მოლდოვასა და საქართველოში. მაგრამ, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის ევროპაში საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლა პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იყო ის, რასაც მე "ახალ სტრატეგიულ რეალობას" ვუწოდებ", - აცხადებს ალექსანდრ ვერშბოუ.

მისი მოსაზრებით, რუსეთი ძირს უთხრის "ცივი ომის" შემდეგ არსებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც ეფუძნება ქვეყნების სუვერენიტეტის, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას. რუსეთი კი ცდილობს ძველი დრო დააბრუნოს, როცა მისი დომინირება ძალისა და დაშინების ხარჯზე ხდებოდა.

ვერშბოუს თქმით, მოსკოვის ქმედებების მიუხედავად, დასავლეთი რუსეთს ზურგს ვერ აქცევს, რადგან დღეს მსოფლიო გაცილებით უფრო ურთიერთდაკავშირებულია ერთმანეთთან. რუსეთთან ღია დიალოგის გაგრძელება საჭიროა, მაგრამ რუსეთთან ურთიერთქმედება არ ნიშნავს, რომ დასავლეთვისთვის სტატუს-კვო მისაღებია.

"ჩვენთვის მიუღებელია რუსეთის აგრესიული ქმედებები, იქნება ეს უკრაინა, საქართველო, მოლდოვა თუ სხვა ქვეყანა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ასეთი პოზიცია ძირს გამოუთხრიდა ჩვენი მოკავშირეების, ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი ფასეულობების უსაფრთხოებას. ამის სანაცვლოდ, ჩვენ ამ ფასეულობებს დავიცავთ და მომთმენნი ვიქნებით. დრო ჩვენს მხარესაა", - აცხადებს ვერშბოუ.

ვერშბოუ მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან სტაბილური ურთიერთობის შესანაჩრუნებლად, საჭიროა მასთან ძალის პოზიციიდან საუბარი.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე აღნიშნავს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ნატო-მ საკუთარი სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად გააძლიერა, შექმნა სწრაფი რეაგირების ძალები, ჩაატარა ასობით სამხედრო წვრთნა და სწავლება, თუმცა საჭიროა ნატო-ს აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნის გაძლიერება, რაზეც ნატო-ს თავდაცვის მინისტრები გასულ თვეს უკვე შეთანხმდნენ, ხოლო ივლისში დაგეგმილ ვარშავის სამიტზე დეტალებს შეიმუშავებენ.

ალექსანდრ ვერშბოუს მოსაზრებით, ნატო-ს გაქტიურება, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის რეგიონშიც, დასტურია, რომ ნატო ბევრს აკეთებს, თუმცა "რეალური სტრატეგიული გავლენისთვის" მეტია გასაკეთებელი.

"უახლოეს თვეებში, სანამ სამიტისთვის ვემზადებით, ნატო-ს წევრები გააგრძელებენ ალიანსის ადაპტირებას ახალ რეალიებთან. ჩვენ დავეფუძნებით "მზადყოფნის სამოქმედო გეგმას", გავზრდით წინა ხაზისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის რაოდენობას, შესაძლებლობებსა და საბრძოლო ძალას ჩვენს აღმოსავლეთ ფლანგებზე როტაციული პრინციპით, რათა დავრწმუნდეთ, რომ სწორი ბალანსი გაგვაჩნია ჩვენს მოწინავე ძალებსა და ძალთა სწრაფი გაძლიერების შესაძლებლობას შორის.

ჩვენ გავაგრძელებთ სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას საკვანძო პარტნიორებთან, ფინეთსა და შვედეთთან ჩრდილოეთში, უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან აღმოსავლეთში, ერაყთან, იორდანიასთან, ტუნისსა და სხვა ქვეყნებთან სამხრეთში.

მნიშვნელობა არა აქვს, როგორია გამოწვევა – ნატო და მისი წევრები ყოველთვის ნახულობდნენ და მჯერა, რომ მომავალშიც გამონახავენ გამოსავალს.

დღეს ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები მარტივი არ არის. მაგრამ ერთად, ნატო-ს საშუალებით, ჩვენი გამოვნახავთ გზას დავიცვათ მშვიდობა და უსაფრთხოება მომავალი თაობებისთვის", - აცხადებს ვერშბოუ.