ირანში, საქართველოს გადაწყვეტილებას თავის დროზე სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე, აშშ-ს ზეწოლას უკავშირებენ

ირანში, საქართველოს გადაწყვეტილებას თავის დროზე სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე, აშშ-ს ზეწოლას უკავშირებენ

ირანში საქართველოს გადაწყვეტილებას თავის დროზე ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე, აშშ-ს ზეწოლას უკავშირებენ.

ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის წარმომადგენელი თავრიზის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუჰამედ ანვერი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, თეირანისთვის საქართველოს გადაწყვეტილება გასაგებია.

"12-წლიანი მკაცრი სანქციების პერიოდში, არასდროს, არც ერთ ქვეყანასთან ურთიერთობა ჩვენი მხრივ არ გაგვიწყვეტია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარნიორმა ქვეყნებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით დააფრთხეს არაერთი ქვეყანა, რომელთაც ირანთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობდნენ, მათ შორის, იყო ირანის ისტორიული მოკავშირე საქართველოც. რაც შეეხება საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის დაწესებას თავის დროზე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო ამერიკისა და მისი პარტნიორი ქვეყნების ზეწოლის შედეგად მოიქცა ასე. თუმცა, ჩვენ გვესმის საქართველოს მდგომარეობა და ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს", - განაცხადა მუჰამედ ანვერმა თეირანში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება საქართველოს მიერ ახლახანს მიღებულ გადაწყვეტილებას, ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის აღდგენის თაობაზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერის ლიდერის აიათოლაჰ ხამენეის წარმომადგენელი მუჰამედ ანვერი აცხადებს, რომ ეს დადებითი და მისასალმებელი ნაბიჯია.

საქართველომ ირანის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი 2013 წელს დაუწესა და ეს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნებით და მიგრაციის პოლიტიკის მოწესრიგების აუცილებლობით ახსხნა. მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან კი ირანის მოქალაქეებისთვის კვლავ უვიზო რეჟიმი დაწესდა.